Saturday, September 17, 2016

Angel A: ლუკ ბესონის სიყვარულის თერაპია

 ყველაფერი შემიძლია წარმოვიდგინო, თუმცა ფრანგული კინოს გაუფასურების არ მჯერა, მგონია, ვერც ერთი ეპოქა ვერ შეძლებს ამას. ლუკ ბესონი, ვფიქრობ, ჩემი საყვარელი სფეროს ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებასაც ბევრისთვის აუჩქროლებია გული, თუმც კი, ალბათ, ადამიანთა დიდი ნაწილი არც დაინტერესებულა რეჟისორის ვინაობით, როდესაც ლეონისა და მატილდას დიალოგებს ისმენდნენ, ან ,,მეხუთე ელემენტში'' მილას პერსონაჟი უმაღლებდათ ენდორფინებს. რატომღაც მესამე პირში ვწერ, არადა მეც სათაურში გაჟღერებული ფილმის ნახვის შემდეგ მივაქციე რეჟისორის სახელს ყურადღება და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ფრანგი კინოგენიოსების ხსოვნას კინომოყვარულთა გონებიდან წაშლა არ უწერია.

Angel-A (ქართულმა საიტებმა რატომღაც სათაურის თარგმნაც გადაწყვიტეს და ფილმს მხოლოდ ,,ანგელოზი ა''-ს სახელით თუ იპოვით მშობლიურ ინტერნეტსივრცეში) - ეს არის ფილმი, სადაც სიყვარულის ფენომენის ძალა სამი სხვადასხვა ჟანრობრივი სინთეზით არის დახატული, ფილმი, რომელიც ნებისმიერ განწყობას უხდება, ნებისმერი ტიპის ადამიანში აღძრავს გარკვეულ ემოციებს, ან თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ სასიამოვნო თავშესაქცევ მასალად მაინც დარჩება მათთვის. ფილმში დაუჯერებლად კარგად არის ასახული ის ირეალური მოვლენა, როდესაც ერთი პერსონაჟის გამოჩენა ტიპურ და არაფრითგამორჩეულ სამყაროს თავდაყირა ატრიალებს, ოღონდ არა ყველასთვის - ამ შემთხვევაში ტუზი მთავარ პერსონაჟს - ანდრეს - ეცემა, მას შემდეგ, რაც ის, სუიციდის უწყინარი მცდელობისას, სხვას გადაარჩენს და ამით საკუთარ თავს აჩუქებს გაცილებით დიდი კალიბრის მხსნელს. ანდრეს მეტისმეტად ყოფითი განცდები ფილმის დასაწყისში შედარებით კომიკურად ჩანს, თითქოს არ ითხოვს მაყურებლისგან თანაგანცდას, თუმცა ანგელას გამოჩენა ანდრეს კეთილისმსურველებში, წესით, დადებით ემოციებს უნდა აღვივებდეს - ამ დროს პერსონაჟის გულშემატკივრობის ინსტიქტი უკვე ირთვება ეკრანის წინ მჯდომ, მოკვდავ კინომოყვარულში. და ეს საყვარელი და მიამიტი ანდრე, რომელიც მთელი ცხოვრება ნაგავში იყო და არასდროს არავინ  დახმარებია, ხვდება, რომ თურმე უანგარობა, მზრუნვლობა, სიკეთე, მართალია უცხო, მაგრამ მაინც რეალურ სამყაროში რეალურად არსებული გამოვლინებებია. ლუკ ბესონი ანგელას პერსონაჟის დახმარებით ახდენს პენეტრაციას ანდრეს მენტალურ მდგომარეობაში, ფიქრებში, ცხოვრებისეულ გამოცდილებებში, მთლიანად იპყრობს მის გონებას და დაუოკებლად ცდილობს ხელმოსაჭიდი იპოვოს, რაზე დაყრდნობითაც მოხდება ყოვლად ჩამოუყალიბებელი და ინერციით მოარსებე პიროვნების გარდასახვა. პიროვნების, რომლის ბრალიც არაფერია, რომლისთვისაც არავის უსწავლებია sაკუთარი თავის სიყვარული, შესაბამისად არც სხვა ადამიანების. ანგელა სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობს, მას სურს ანდრეს რესოციალიზაცია მოახდინოს, შეძლოს მისი გონებრივი მოცემულობის რეინტეგრაცია და ეს პროცესი თვალსაჩინო ხდება, როდესაც ანდრეს სარკის წინ აყენებს და არაძალისმიერი მეთოდით - დაჟინებული, მბრძანებლური და ამავდროულად მზრუნველი მეგობრის ტონით - აიძულებს სრულად მიიღოს საკუთარი თავი, შეიყვაროს და ბოლომდე შეიგრძნოს მისი დადებითი მხარეები, აიძულებს იყუროს სარკეში და საკუთარ თავს სიყვარული აუხსნას და შეიმეცნოს, რომ ისიც იმსახურებს გრძნობების უპირობო გამოვლენას - პირველ რიგში სარკეში გამოსახული პიროვნებისგან. ამის მიღწევის უნარი კი ადამიანებს პრაქტიკულად არ გვაქვს, თუკი მარტონი ვართ, თუ არ გვყავს ის მოტივატორი, ვინც გვიბიძგებს, ვინც ჩვენზე ადრე შეიცნობს ჩვენს ფასს და შემდეგ იმავეს გვაიძულებს. ასეთი სახის ცხოვრებისეული თერაპიებია ჩვენი ხსნა, რამაც ამ ფენტეზის სამყაროშიც იხსნა ანდრე ნაადრევი დაღუპვისგან.

- ახლა ვინ იქნებოდა მკვდარი, მე რომ არ გადამერჩინე?

- და ვინ იქნებოდა მკვდარი, თუ გადასარჩენი ობიექტი არ იარსებებდა?

ორი მთავარი პერსონაჟის ეს დიალოგი მოწმობს, რომ ცოცხალი არსებები ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ და ის სიღრმისეული, ინტიმური და ბიძგისმომცემი ურთიერთობებია ჩვენი გადარჩენის ინდიკატორი, რომლების სიცოცხლეს გვაიძულებს. ანგელა და ანდრე იმ კომუნიკაციური სამყაროს მინიმალისტურ მოდელებს წარმოადგენენ, სადაც გადამრჩენელიცა და გადასარჩენი ობიექტიც თანაბრად საჭირონი არიან ერთმანეთისთვის.

No comments:

Post a Comment