ვზივარ მონიტორის წინ გამოშტერებული სახით და მარცხენა ხელით ვიწყებ ბგერათა კომბინაციის კრეფას, ვინაიდან ვერაფრით მივეჩვიე ორივე ხელის გამოყენებას. ცრურწმენებისგან შორს ვარ, მაგრამ მგონია, სანამ მარჯვენა ხელსაც აქტიურად არ ჩავრთავ კლავიატურასთან თანამშრომლობაში, ღირებულს ვერაფერს დავწერ. ამ წვრილმან საკითხზე უნდა დამეწყო საუბარი, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვუყრი სიტყვებს თავს, ვერ გამოვდივარ შოკური ფაზიდან, ვეღარ ვითვლი ეს მერამდენე დარტყმაა, მერამდენედ მოვიწამლე ორფეხა ადამიანის რიგითი ნამოქმედარით, რასაც კინონამუშევარი ეწოდება. ჩემი ტკივილის მიზეზი წლევანდელი ფილმია სახელად ,,წმინდა ირმის მკვლელობა''. რას წარმოვიდგენდი თუ ,,ეშვისა'' და ,,ლობსტერის'' შემდეგ ლანთიმოსი ამას იკადრებდა. კი, ველოდი რაღაც გრანდიოზულს, შედევრალურს, მეტყველების წამრთმევს, საცრემლე ჯირკვლების ამამუშავებელს, თუმცა.. წყეულიმც იყავ, ბერძენო მწვალებელო, ეს მეტისმეტია. თან საკუთარი ძალების გამოყენება საკმარისად არ ჩათვალა და ბახი და შუბერტი დაიხმარა. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა თანამედროვე გამანადგურებელი ანგელოზი იორგოს ლანთიმოსი, რომელსაც ეყო სითავხედე და გენიალური თეოდოროს ანგელოპულოსის შემდეგ ბერძნული კინემატოგრაფია ახალ მწვერვალებზე ათამაშა, მთლიანად გამიჯნა ზოგადი კანონზომიერებისგან, უარყო ჩვეულ მოკვთავთა მიერ აღქმადი წესრიგი და ახლა ადამიანთა ფსიქიკის მიზანმიმართულ დამახინჯებას ეწირება მსხვერპლად.
გადავიდეთ ფილმზე, რომლის სათაურსაც, რა გასაკვირია და, წინაპირობად ბერძნული მითოლოგია უდევს. ევრიპიდემ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გვისახსოვრა პიესა სახელწოდებით ,,იფიგენია აულისში'', სადაც აგამემნონის ქალწულ - იფიგენიას მსხვერპლშეწირვაა ასახული. მიკენის მეფეს შემთხვევით წმინდა ირემი მოუკლავს, რომელიც ნადირობის ქალღმერთის - არტემისის - საკუთრება იყო. არტემისმა საზღაურად სისხლი მოითხოვა. აგამემნონმა კი საკუთარი ქალიშვილი - იფიგენია - უძღვნა, რომელიც სამ ქალიშვილსა და ერთ ვაჟს შორის გამოარჩია სამსხვერპლოდ. ფილმში აგამემნონის სიმბოლოა კოლინ ფარელის პერსონაჟი, გულის ქირურგი, სტივენ მერფი. ფილმი გულის ოპერაციის მიმზიდველი კადრებით იწყება, ეს კი მთელი სიუჟეტის წანამძღვარია. ოპერაციის ავტორსა და განთქმულ ქირურგს, სტივენს, ერთი შეხედვით შესაშურად იდეალური ცხოვრება აქვს, არაფერს უჩივის. ჰყავს ერთი ახალგაზრდა მეგობარი მარტინი, რომელიც საკმაოდ უწყინარი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ტოვებს ფილმის დასაწყისში. და მალე იწყება სრული ჯოჯოხეთი, მისტიკური ქაოსი და გაურკვევლობა, დაუსრულებელი შფოთვა ფილმის პერსონაჟების ცხოვრებასა თუ მაყურებლის გონებაში. მთელი ფილმის განმავლობაში არ ჩნდება დანაშაულის მკაფიო ვერსია, მაგრამ ჩანს სასჯელი, დაუნდობელი პასუხისგება და გამოუთქმელად მძიმე საზღაური, რომელიც პროგრესირებას არ წყვეტს. არ ისჯება მთავარი დამნაშავე - სტივენი, სამაგიეროდ იტანჯებიან მისი შვილები და მეუღლე. მათ შორის კი რომელიმე უნდა გაწიროს თავად დანაშაულისა და სასჯელის მთავარმა შემოქმედმა, ბატონმა ქირურგმა, რომელიც არამც და არამც არ იზიარებს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, არ აღიარებს, რომ საკუთარი შეცდომის გამო მოკვდა მარტინის მამა, წარუმატებელი ოპერაცია მას რიგით უიღბლობად მიაჩნია. არაცნობიერში ის მაინც იაზრებდა მომხდარს და სინდისის დასამშვიდებლად ცდილობდა მარტინზე ეზრუნა, მაგრამ სასჯელისთვის მზად არ იყო, მსხვერპლის გაღება აზრადაც არ მოსვლია - არც დანაშაულის აღიარების გზით, მას არასდროს არავისთვის გაუმხელია თავისი შეცდომა. ამის გამო კი მარტინმა მისტიკური ძალებით თავად გადაწყვიტა მეგობარზე შურისძიება.
ერთადერთი ეპიზოდი, რომელზეც მაყურებელმა შეიძლება გაიღიმოს არის სტივენისა და მარტინის დედის დიალოგი. მოფლირტავე ქვრივი დედა აღფრთოვანებას ვერ მალავს სტივენის ხელების სილამაზით და დაუფარავად ცდილობს მთავარი პერსონაჟის ცდუნებას. ხელებზე ყურადღების გამახვილებაც რეჟისორის მცირე მინიშნებაა, სწორედ ამ ხელებშია მთელი ბრალეულობა.
,,შეუძლებელია ქირურგმა მოკლას პაციენტი, შესაძლოა ანესთეზიოლოგის შეცდომამ გაწიროს ის, თუმცა ქირურგი ამას ვერ გააკეთებს''. ასე იმშვიდებდა თავს მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალისტი. შესაძლოა არაკომპეტენტური მაყურებელი დააჯეროს კიდეც წამიერად ამ სიტყვებმა, სანამ ხელმეორედ მოისმენს მსგავს ციტატას, ამჯერად უკვე სტივენის ნაცნობი ანესთეზიოლოგისგან (რომელიც ასევე მონაწილეობდა საბედისწერო ოპერაციაში) თქმულს:,,ანესთეზიოლოგი ვერ მოკლავს პაციენტს, მხოლოდ ქირურგს შეუძლია ეს''. უწყინრად ამბობდა ეპიზოდურ როლში მყოფი პერსონაჟი და სტივენის მეუღლის - ანას (ნიკოლ კიდმანი) - მიერ გაკეთებული ,,ჰენდჯობით'' ტკბებოდა. შემდგომ ამ კეთილშობილი ანესთეზიოლოგის წყალობით სიმართლეს ანაც შეიტყობს.
არავის სურს დანაშაულის საკუთარ თავზე აღება, რადგანაც გრძნობენ მსხვერპლის გარდაუვალობას. განაჩენი კი ლანთიმოსის გადაწყვეტილებით, ვისაც არ სჩვევია არავითარი ფაქტობრივი შელამაზება სიუჟეტის, მეტისმეტად მწარეა. ადამიანი, რომელმაც მამა დაკარგა, ფაქტობრივად, წყევლის მკვლელის ოჯახს და ულტიმატუმის სახით აიძულებს არჩევანი გააკეთოს - სასიკვდილოდ გაიმეტოს საყვარელ ადამიანთაგან რომელიმე, დანარჩენები კი, სისხლიანი სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი არ დასრულდება და სტივენს მთელი ოჯახის დათმობა მოუწევს. ჰო, სრულად გასაგებია, რატომაც აიკიდა საშინელი დეპრესია კოლინ ფარელმა ამ ფილმის გამოისობით.
დასასრული ნაწილობრივ პროგნოზირებადია, მაყურებელი თითქოს ალაგებს თავში ვარიანტებს, თითქოს ვეღარაფერი გაგვაკვირვებს და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საჭიროა. თითქოს ლანთიმოსი კრეატიულობაში მოიკოჭლებს.. პირველ ნაწილს სწორად ხვდება მაყურებელი, ფინალი აბსოლუტურად კანონზომიერია, მაგრამ სწორედ ამაშია რეჟისორის გენიალურობა - ის ერთი შეხედვით არაექსცენტრიულ ფინალს ისე ფუთავს, თითქოს მაყურებლისთვისაც სადამსჯელო ზომებს იღებს, თითქოს ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა და ჩვენც უნებლიე დამნაშავეები გამოვდივართ. იქნებ ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ,,კბილი კბილის წილ'' ბევრისთვის ალბათ მიუღებელი სტრატეგიაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ,,ძალადობა შობს ძალადობას'', ისიც ფაქტია, რომ ,,სისხლით სისხლი არ მოიბანება'' და სწორედ ესაა კაცობრიობის მარადიული ტანჯვის მიზეზი. უკვე ირევა სათვალავი, თუ ვინ არის პირველადი დამნაშავე, სულერთიც არის ამის გამორკვევა, რადგან ლანთიმოსმა ეს უხილავი სტიგმა ყველას მოგვანიჭა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის დამანგრეველ ფინალში, სწორედ გადამწყვეტ დროს, მიმართავს დასახმარებლად თავის ღვთაებრივ სივრცეში მცხოვრებ მეგობარს - იოჰან სებასტიან ბახს. და ჯოჯოხეთი კიდევ დიდხანს გრძელდება.
ფილმი დასრულდა, ოდესმე შთაბეჭდილებებიც გაიფანტება, კოლინ ფარელი დეპრესიიდან გამოვა და სამყაროში არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მიუხედავად ამისა, მაყურებლები მაინც ვემიჯნებით შურისძიებას, ალბათ გვგონია, რომ შურისმაძიებელთა ადგილზე ყოფნისასაც არ გაგვიჭირდებოდა ბალანსის დაცვა. ფილმით ლანთიმოსი ამბობს, რომ წმინდა ირმის მოკვლა მარტივია, ამ შემთხვევაში უხილავი ძალა კინემატოგრაფის სახით განსხეულდა, ის ჩვენს ქვეცნობიერს მალულად ეპარება, როგორც მშიერი პანტერა და აკურატულად ანაწევრებს ჩვენს სულსა და სხეულს.
ჩახშობილი სინდისი კი ქირურგს კვლავ გამამხნევებელი შეძახილებით ამხნევებს: ,,შენ ლამაზი ხელები გაქვს, სტივენ!''
No comments:
Post a Comment