Friday, August 17, 2018

სტივენი.



გასულ ღამეს, პირველად ამ ზაფხულის განმავლობაში, მეძინა გადაბმულად რვა საათი. ვნახე ზედიზედ სამი საყვარელად იდიოტური სიზმარი და წარმოუდგენლად დაღლილმა გავიღვიძე, ისე, რომ არსებობა აღარ მინდა. არსებობის აბსურდულობაზე გამახსენდა მუსიკა, მუსიკაზე - სევდიანი მუსიკა, სევდაზე კი ჩემი ყველაზე მყარი სიყვარული მუსიკალურ კონტენტში - სტივენ ვილსონი. ადამიანი, რომელმაც ინტელექტუალურ მსმენელად მაქცია, თავისი შემოქმედებით ბოლომდე დამარწმუნა, რომ მუსიკალური გემოვნების პიკზე ვიმყოფები! ჰოდა ეს ჩემი საყვარელი იმპროვიზატორი დღესდღეობით ახალ ალბომზე მუშაობს, თანაც იმ ჟანრში, რომელსაც მეგონა არასდროს გაეკარებოდა - ის პოპის მწვერვალებს იპყრობს. გასაგებიც არის ეს, ყველა გენიოსს უყვარს ექსპერიმენტები, მისი მელანქოლიური კარიერა კი, ვფიქრობ, მხოლოდ დროებით გადაფასდა. ადამიანი, რომელიც 10 წლიდან მუსიკას წერს, რთულია ერთ ან თუნდაც რამდენიმე ერთეულ მიმდინარეობას მიეჯაჭვოს. მით უმეტეს, როცა უკვე იმდენი პროექტის ავტორია, თავადვე ერევა სათვალავი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი შეგრძნებით ,,ყველაზე მეტად სევდიანი მუსიკა ამაღლებს ადამიანს'', დროებით შეიძლება სევდაც გადავდოთ გვერდზე, ვინ იცის, იქნებ ოდნავ მხიარული ჟანრებიც ასწორებს, ან იქნებ ხანდახან ღიმილიც კარგია, რაც სტივენს საოცრად მოუხდა, ღმერთმანი.

 მუსიკაზე საუბარი უტაქტობაა. ეს ალბათ იგივეა, საჭმელს რომ შორიდან უყურო და ამით დამაყოფილდე. ან არ ვიცი რა შედარება მოვიყვანო, ზედმეტი მეძინა და ფანტაზია არ მყოფნის. ამას წინათ მითხრა ჩემმა ერთმა მეგობარმა, ანათემა როცა იყო თბილისში ჩამოსული, აუცილებლად მომიყევი როგორი ლაივი იქნებაო. მე დასტური მივეცი ისე, რომ არც დავფიქრებულვარ რას მთხოვდა. ლაივის შემდეგ გადმოცემის უნარი კი არა ხელ-ფეხი მქონდა წართმეული. რანაირად უნდა მოყვე რა განიცადე, როგორ უნდა აუხსნა სხვას. რა მარაგი უნდა მეყოს იმის სათქმელად, რომ, მაგალითად, ეს ლაივი როგორ მოქმედებს ჩემზე:

ან ეს შედევრი რამდენს ნიშნავს ჩემთვის და, ზოგადად, მუსიკის სამყაროსთვის.

ინტერვალებიც ისე აქვს შერჩეული, თითქოს საშუალებას გაძლევს ლაივზე მდგომმა, შუალედებში, ჩუმად იქვითინო. ვისაც ბედი ნაკლებად გვიღიმის, ისინი მონიტორთან ვქვითინებთ. ზედმეტი საბაბი არ გვჭირდება.

 სტივენს ვერ ახსნი, როგორც იმ მუსიკას, რომელსაც მთლიანად გრძნობ. არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრს უსმენ, წეღან ვთქვი - გემოვნების პიკზე ვარ-მეთქი, მაგრამ, ცხადია, ვიხუმრე, მუსიკა შეგრძნებების სტიმულატორია. იმდენად ინტიმური საკითხია, არც უნდა გაამჟღავნო დეტალები. მაგალითად, ხშირად მოგვისმენია ყველას, რიგითი მელოდიის მსვლელობისას, მავან მსმენელს ხმამაღლა რომ უთქვამს, თუ რა მოსწონს ამ მუსიკაში, რომელი ტაქტი, მონაკვეთი, მისამღერის რომელი ნაწილი. ეს წარმოუდგენლად მაღიზიანებს, არ შეიძლება ასე მარტივად გაამხილო ის, რაც მხოლოდ შენი უნდა გეგონოს, რასაც მხოლოდ შენს გულ-გონებაში უნდა აცოცხლებდე. ჰო, ამ საკითხში ერთობ განსჯითი ვარ და სუბიექტურიც. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, ყველამ იგრძნოს მუსიკა. საერთოდაც რა არის მუსიკა. რომ არ შექმნილიყო, ვერ ვიტყვი, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით თუ უფრო სულელური იქნებოდა ჩვენი არსებობა. შეიძლება ორივე ერთადაც.


ვილსონისნაირ გიგანტებს უდიდესი რესურსი აქვთ ბოლომდე გამოავლინონ თავი. ასეთი დონის ხელოვანებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას გრძნობების გამოხატვა, რაც ჩვენთვის, ჩვეული მოკვდავებისთვის, საკმაოდ მტკივნეული ტვირთია. ამაში შემოქმედება ეხმარებათ. თუმცა აქაც არ ყოფილა ბედნიერებისა და სიმსუბუქის საიდუმლო. ისინი მაინც მუდმივად სევდიანები არიან და ყოველი ახალი ინსპირაციული გასროლა ინოვაციური დარტყმაა მათი სულისთვის. იტანჯებიან და ჩვენც გვტანჯავენ, ჩვენ ვისაც, მხოლოდ შეგრძნებები გვაქვს და არა მათნაირი თვითგამოვლენის იარაღი.

სტივენი ემოციურია, ის არ არის სენტიმენტალური. თუმცა სენტიმენტებზეც მღერის. ყოველი ჩვენგანივით მასაც ეშინია გაზრდისა და დაბერების, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმის შეგრძნებაც აქვს, თითქოს ცხოვრებას უაზროდ ფლანგავს და ეს შინაგანად ანადგურებს. მასაც აწუხებს სადღეღამისო კითხვა - ახალი ამბები შეამოწმოს თუ უბრალოდ ყულფი შემოიხვიოს?! ან ვის მიმართავს სიმღერით ,,don't hate me''? ვის ევედრება ამ სიტყვებით - ,,ნუ გძულვარ, მე არ ვარ შენსავით განსაკუთრებული..''? რატომ ამბობს ამას, ღმერთო, რა უფლებით? ვინ არის მასზე განსაკუთრებული?!

მე რაღა ვთქვა ამის შემდეგ - ადამიანმა, რომელიც სასვენი ნიშანი რომ იყოს, უადგილოდ დასმული მძიმე იქნებოდა. ან ახლა მე რა შუაში ვარ საერთოდ?! შეიძლება თვითგვემა ყველას გვიყვარს - უმიზნო ტიპებსაც და სტივენისნაირ გენიოსებსაც. ის კი მაინც მოგვიწოდებს: ,,დრო მიფრინავს, საუკეთესო რამ კი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შანსების გამოყენება, იმ შანსების, რასაც ცხოვრება გვთავაზობს.'' ან ალბათ ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოგვთავაზოს. ალბათ მაგიტომაც აირჩია ახალი გზა, რასაც გარემოება ნაკლებად სთავაზობდა.

 ცხოვრებისეული ბრძოლები ჩემთვის მხოლოდ თეორიაა. რეალობა კი არის სხვების შემოქმედებით ვნება, რაც ყოველ წამს მატყდება თავს. შემოდგომამდე შეიძლება ისევ დავიძინო გადაბმულად 7-8 საათი. მერე ისევ დაღლილმა გავიღვიძო და სტივენიც კვლავ გამახსენდეს. ალბათ შემდეგ ზამთარს და სიცივეს ვინატრებ, რადგან მის მუსიკას ზამთრისეული სევდა უხდება. ზამთარი როცა მოვა, კიდევ სხვა რაღაც დამაკლდება მელანქოლიური სრულყოფისთვის. ალბათ სადღაც, არაცნობიერში, იმის იმედიც მექნება, რომ ერთ ზღაპრულ დღეს მონიტორის ნაცვლად სცენის წინ დავიღვრები ცრემლებად. ჩემს წინ კი ცხადია ის იდგება და არ აქვს მნიშვნელობა რას შეასრულებს. ეს იქნება ზღაპარი. ის კი, უკვე ჩემ წინ, კვლავ თავის თვითდესტრუქციულ აზრებში იცურებს, კვლავ იგრძნობს, რომ ეცემა და ისევ ვერ იპოვის ვერავის, ვინც ხელს შეაშველებს.. და შემდეგ სულერთი იქნება ძილის ხანგრძლივობა, სტივენის დიდებული პროექტის - Porcupine Tree-ს დაბრუნებაზე ფიქრებიც ცოტა ხნით უკანა პლანზე გადაიწევს, ჩემს დაღლილობასა თუ ემოციური დეგრადაციის დონესაც ფეხებზე დავიკიდებ და დროებით ამქვეყნიურ ცხოვრებას დავტოვებ.


შემდეგ კი..


,,let's sleep forever''



No comments:

Post a Comment