Friday, August 11, 2017

სალო ანუ სოდომის 120 დღე - ეპოქალური განაჩენი კინომოყვარულთათვის

  


  ფანტაზიის გარეშე რანი ვიქნებოდით, მეგობრებო. მხოლოდ ყოველდღიურობით დატვირთული მომაბეზრებელი ორგანიზმები. მარჯვენა ნახევარსფეროს ფუნქცია გვიქმნის იმ ნიადაგს, რამაც შეიძლება ერთფეროვნებას მოგვწყვიტოს, თუნდაც დროებით. თუმცა ეს უნარი ყოველთვის დადებითი როდია. შეიძლება სრულად გადაუსვას ხაზი შენს პიროვნულ ნორმებსა თუ ჩარჩოებს და უკიდურესად სახიფათო ზომები მიიღოს.
  პიერ პაოლო პაზოლინიმ გადაწყვიტა და ეკრანზე გააცოცხლა მარკიზ დე სადის მოთხრობა ,,სოდომის ას ოცი დღე ანუ ლიბერტინაჟის სკოლა’’. გადაწყვიტა და საკუთარი თავიცა და მისი მაყურებელიც არაადამიანური ტანჯვის გზას გაუყენა. ალბათ მიზანიც ეს იყო. ,,სალო'' არის ყველაზე სასტიკი სილის შემორტყმა კინოს ისტორიაში, გონების გაცოცხლება, ტკივილი, რომელიც გაფხიზლებს და ფსიქიკას გინგრევს. და თუ ვინ რა კუთხით გამოავლენს ამ ცვლილებას, ეს უკვე ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული. ზოგს უკეთესობისკენ შეცვლის, აქამდე არარსებული ემპათიით აავსებს, ზოგს კი პაზოლინის ხელმეორედ მოკვლის სურვილს გაუჩენს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის კოგნიტური რევოლუცია - როცა ან წინ მიდიხარ ან დეგრადირდები.



  
  მახსოვს, ,,სიკვდილის ანგელოზის’’ შემოქმედების გაცნობა სწორედ ამ შედევრით დავიწყე და მალევე მივხვდი, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი. ფილმის ნახევარიც არ იყო დასრულებული, როცა ტვინმა ჩემი განადგურების მომასწავებელი სიგნალები მომცა და მივხვდი, რომ ჯერ ჩემი დრო არ მოსულა. პაზოლინისეულ მარწუხებში მოქცევა ჯერ ადრე იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ბოლომდე მივიყვანე ფილმის ყურება რადგან იმის მიუხედავადაც, რომ ჯერ არშემდგარი კინომანი ვიყავი, მაშინვე დიდი კრძალვა მქონდა მსგავსი დონის ფილმების მიმართ და ვერ გავბედე ,,სალოს’’ გამორთვა, ან წინ გადახვევა ან კომპიუტერის მონიტორის დალეწვა. მთელი საათი და ორმოცდაათი წუთი უკიდურესი ტანჯვა გამოვცადე და ვლოდულობდი, ფილმი უბრალოდ დასრულებულიყო. ამის შემდეგ, დღეს ჩემთვის უსაყვარლესი რეჟისორის შემოქმედებას, კარგა ხნით არ გავკარებივარ. ,,სალო’’ მეორედ ორწლიანი შუალედის შემდეგ ვიხილე, ოდეს პაზოლინის ყველა ფილმი ამოვწურე, და ამჯერად ემოციური მზადყოფნის წყალობით, გაცილებით მარტივად გადავაგორე. მაგრამ ის პირველი და ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება, რაც კი ოდესმე მიმიღია კინოსგან, დღემდე წმინდაა ჩემთვის. რეალური გარდასახვა და ფსიქო-ემოციური ძვრები სწორედ პირველად ნახვამ გამოიწვია, როცა ჭეშმარიტად ვეწამე ფილმით. ,,სალო’’ წამებაა.
  ეს არის ნამუშევარი, სადაც ადამიანის სისასტიკე ხელოვნების დონეზეა აყვანილი. უკიდეგანო გასაქანი ეძლევა უსაზღვრო ფანტაზიის მქონე ინდივიდთა სურვილებს. იმ ვნებებს, რომ სხვებზე ჩაატარონ მთელი რიგი ექსპერიმენტები და თავიანთი აწ უკვე გარდასული ცხოვრების ჟინით უდანაშაულო ახალგაზრდების მენტალურ დასნეულებას ემსახურონ. თავს არამც და არამც არ ზოგავენ ამისთვის. მსხვერპლი კი მარადიულია. იმაზე ოცნებაც განწირულია, რომ ოდესმე ეს ტანჯვა დასრულდება, რადგან თუნდაც დასრულდეს, კვალი ვეღარაფრით წაიშლება. ახალგაზრდებში გამქრალია ყოველგვარი ენთუზიაზმი, ემოცია, შეგრძნებები, კომუნიკაციის უნარი, თანაგანცდა, თვითგადარჩენის ინსტიქტიც კი. ყველაფერი ქრება, გარდა სიცოცხლისა, რომელიც აღარაფერში სჭირდებათ. სიკვდილზე ფიქრი კი არაფრისმომცემია, რადგან ფილმის ერთ მონაკვეთში ერთ-ერთი მოძალადის მხრიდან ჟღერდება შემდეგი ფრაზა რიგითი მსხვერპლის მისამართით ნათქვამი: ,,ჩვენ გვინდა ათასჯერ მოგკლათ,სანამ მარადიულობის ლიმიტი არ ამოიწურება''. ულიმიტო არაფერია, მაგრამ ფაშიზმის დასასრულის მიჯნაზე მყოფი, ყოვლად მახინჯი სისტემური მონსტრები უდანაშაულო მსხვერპლებს მთელ თავიანთ შემოქმედებით რესურსს დაუნდობლად ახარჯავენ. ეს კი თავის მხრივ მაყურებლის ემოციურ დასახიჩრებას იწვევს. ხშირად ალბათ საკუთარ თავს ვაყენებთ სხვადასხვა გმირების ადგილას, ან დამნაშავე ტიპების როლში ვართ, ანდაც მსხვერპლად ყოფნა უფრო მოგვწონს. აქ კი ეს შეუძლებელია, ,,სალოს’’ ყურებისას, ვფიქრობ, ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანის გონება ვერ დაუშვებს რომელიმეს ადგილას ,,თავი წარმოედგინოს’’, ვერც შეგნებულად და ვერც მექანიკურად. სწორედ ეს გვაწამებს მსგავსი ნაწარმოებების შეცნობისას, აქ უბრალო, არაფრისმომტანი თანაგრძნობის გამოვლენის საშუალებაც კი არ გვაქვს და მოცემულ მსხვერპლს ჩვენს წარმოსახვაშიც ვერ ვუწევთ დახმარებას.
  ესეც ,,სიკვდილის ანგელოზის’’ მომაკვდინებელი საჩუქარი კინოს.


No comments:

Post a Comment