დღეს წვიმს, მაგრამ თბილა. ჯერ არ მიკითხავს შენთვის გიყვარს თუ არა წვიმა. ბევრი რამ არ მიკითხავს და შეიძლება არც ვაპირებ რამის შეცვლას. იცი, ადამიანების დაკარგვა დანაშაული რომ იყოს, უვადოს მომისჯიდნენ, შენ რას ფიქრობ ამაზე? ალბათ, მეტყვი, რომ ყველა გეზიზღება და ადრე თუ გვიან მაინც მარტოდმარტო ჩავძაღლდებით კაცობრიობის შვილები. მეც ცხადია დასტურს მოგცემ და მშვიდად გავაგრძელებთ მეტროსკენ მიმავალ გზაზე სიარულს, ხალხით გადაჭრელებულ ქუჩებში, ქუჩებში, სადაც ყველა მხრიდან უნდა ელოდო მანქანის გამოჩენას და თავდაუზოგავად ამუშავო კისრის მალები, რათა ვინმეს ან რამეს არ შეასკდე.
-როგორ ფიქრობ, მოეწონება ჩემი პრეზენტაცია?
-არ ვიცი, მაგას არაფერი მოსწონს, თან სულ დაღლილია. მოდი, ფეხებზე დაიკიდე.
-სიმართლე გითხრა მართლა მაგრად მკიდია, ისე ვიკითხე.
ჰომ.. საიდან იღებს აპათია სათავეს, რატომ არ გვჯერა ბედნიერების? რა დიაგნოზი დაგისვეს წლების წინ? როგორ მოახდინე რეაბილიტაცია? ან მოახდინე საერთოდ? მხარდაჭერის დეფიციტი.. შენც შენი საყვარელი ოპერის ქალღმერთივით არასრულფასოვნების კომპლექსში იძირები, მშველელი კი არ ჩანს. ,,მე შენს გვერდით ვარ'' - დავიტოვო უფლება ამის სათქმელად? არ მაქვს საკმარისი იმედი საკუთარი თავის, თუმცა უტყვი თანაგანცდა მჭამს, რომელიც გამოთქმას არც საჭიროებს. ძვირფასო პიერ.. მშვენიერი სახელია, შენსაზე უფრო ორიგინალური უპირობოდ.
პრაქტიკის საათები დასრულდა, თითქოს ჩვენი მისია შევასრულეთ, არარსებული პროფესიონალიზმის დღიური გეგმა. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ნამდვილი სპეციალისტები, თუმცა იდეალურად შევძლებთ ამის იმიტირებას, ეს კი საკმარისია. იქნებ ყველა ასე აკეთებს?
-რა კარგი ამინდია დღეს, არ მინდა სახლში წასვლა. გუშინაც გარეთ მინდოდა, ვერავის მივწერე, მერე მარტო გამოვედი და სკვერში ვიჯექი, სანამ მოსაღამოვდებოდა და ყინვა შემაწუხებდა.
-ბევრი მეგობარი გყავს?
-მეტყობა ხო?
-ვეცადე პოზიტიური ფორმა მიმეცა კითხვისთვის.
-ძაან მეზარება სახლში წასვლა
,,ლუდი გიყვარს? მოდი, დაგპატიჟებ, თან პარკში დავსხდეთ''.. რატომ არ შეიძლება მარტივად შემეძლოს ამდაგვარი ფრაზების თქმა. დალახვროს უფულობა მდუმარე ბერმა. სახლის გზას გავუყევით მაინც, ორივეს გვშიოდა. შენ მომზადება მაინც იცი. მე შენზე გაცილებით უარესი ვარ, შენ კი ჩემზე დაბალი თვითშეფასებით მოძრაობ. ადამიანი არ უნდა იყოს ბრმა საკუთარი თავის ანარეკლის ყურებისას, როგორ შეიძლება ხორცშესხმული სისაყვარლე უარყო? ულამაზესი ნაკვთები, საოცარი ბავშვური გამოხედვა, თმა, შენი თმა, რომელიც შენს ჰაბიტუსს აკვდება, ჩაცმის სტილი. და ხელები... ეგ დაწყევლილი სილამაზის მქონე ხელები. არ ხარ სწორი ადამიანი, ან მხედველობაზე მართლა სერიოზულ კონსულტაციას საჭიროებ.
ხშირად მინდა მოგიყვე ჩემს პათეტიკურ ისტერიკებზე. იმაზე, თუ როგორ ვღნაოდი, როცა მობილური გამიფუჭდა, თუ როგორ მენატრება ხოლმე საყვარელი ადამიანი, მეგობრებთან გასვლა როგორ ძალიან მაკლია.. ან როგორ მინდა რძიანი ყავის დალევა, მაგრამ ყავა არ მაქვს. ეს ტკივილებია, ბოლოს რომ გვიღებს, ასე არაა? როგორ უხერხულად იყავი მაშინ, ხელმძღვანელმა რომ რთული დავალება მოგცა, მეტისმეტად ძნელი იყო და გაურკვეველი. ვიჯექი შენს გვერდით და მაშინ პირველად მომინდა მოგხვეოდი, მეთქვა, რომ არაფრად ღირს ეს ფორმალური ბოდვა და შენი ერთი ნერვის შეტოკებასაც არ იმსახურებს. ვერ გითხარი, რასაკვირველია, საერთოდ არაფერს გეუბნები. მხოლოდ ჩემს ქაოტურ ფიქრებში ცოცხლობ და ვერაფერი გჩრდილავს. არადა რამდენი დადებითის პოვნა შეგვეძლო, იქნებ ხმა უნდა ამომეღო საჭირო დროს, მეთქვა თუ როგორ მჭირდება ადამიანები, შენნაირი ადამიანები, იმისთვის რომ სასოწარკვეთილებას ჩავეჭიდო, სწორედ იმას არ მივცე განადგურების უფლება, რითიც ყოველდღიურად ვისპობ თავს, ოღონდ ნელა.. შენც ჩემსავით სელექციური აბსტრაქციის მსხვერპლი ხარ, მხოლოდ ნეგატივების ადგილია ჩვენს მენტალობაში, არავითარი ნათელი მხარე.
მეტროში ჩასვლა მეზიზღება, ვიცი რომ შენც. და რატომ მაინცდამაინც რელსები? მეგონა უკეთესი ფანტაზია გქონდა.
-პანიკურად მეშინია ხალხით გადატენილი ტრანსპორტის.
-სანამ მოვა მატარებელი შეგიძლია ჩახტე ქვემოთ და დაელოდო.
-კარგი აზრია, ოღონდ პარალელურად კალასის არია უნდა იყოს ჩართული.
-მაგაზე მე ვიზრუნებ.
არ გვაქვს არც ერთი თვალსაჩინო ისტორია, მხოლოდ დიალოგები, რომლებიც ფრაგმენტებად მიტრიალებს გონებაში და მოსვენებას არ მაძლევს. ასე არ შეიძლება. იმ დღეს რა ცუდად იყავი, შენი გამომეტყველება არ იშლება ჩემი მეხსიერებიდან. სანამ ვაგონიდან გავიდოდი გამძლეობა გისურვე, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ უკან მოვიხედე, და მივხვდი რა ღრმა სასოწარკვეთაში დაგტოვე, ბრბო გერტყა გარს, ყველა მხრიდან არსებობდნენ ადამიანური ორგანიზმები, შენ კი მანდ არ იყავი, უმიზნოდ მიშტერებოდი სივრცეს და იკავებდი დაგროვილ სიკვდილს. ჰო, სიკვდილს, რადგან იმ დღეს სიცოცხლის არაფერი გეტყობოდა. რა ვქნათ, მეგობარო, თავს რით ვუშველოთ?! გამძლეობა ერთადერთი იარაღია და ხშირად არც გვადგება იარაღად.
ღამდება და ქარის ხმა იმის წინაპირობაა, რომ შუაღამით მოსვენებას დავკარგავ და ერთიორად შემზარავს დილით ადრე ადგომა. დილით თუ ღამე? მთავარია, ზამთარს გადავურჩეთ. და ქარმაც მიგვატოვოს.
,,მშვიდად იძინე და რაც მთავარია მარჯვენა მხარეს''
ჰო..
მუსიკა ხომ არსებობს, სხვა თუ არაფერი. ან ფილმები.. როგორ დაუშვი, რომ პაზოლინის ფილმებიდან მხოლოდ ,,მედეა'' გაქვს ნანახი? წყეული კალასი.
-იმ დღეს ,,ამელი'' ვნახე მეშვიდედ. შენ ნანახი გაქვს?
-კი.
-ჯანდაბა, ნუთუ ისეთი რამეც გაქვს ნანახი, სადაც კალასი არ მონაწილეობს?!
ის დღე ბუნდოვნად მახსოვს. მითხარი, რომ სიკვდილი გსურდა, არ გითქვამს რა გაკავებდა ამისგან, თუმცა ალბათ იყო რაღაც. იმ დღეს იყო, შემდეგ კი.. მიზეზებით დავინტერესდი და კითხვების კორიანტელი მოგაყარე, შეტყობინებას შეტყობინებაზე გწერდი, შენ კი წახვედი. შემდეგ ძლივს ვიპოვე შენი ნომერი და დავრეკე. კვლავ მეტროში იყავი, დაიწყე საუბარი, მოყოლაც, მაგრამ არაფერი მესმოდა. რატომ გაქვს ასეთი დაბალი ხმის ტემბრი? ჩვეულზე უფრო დაბალი გქონდა მაშინ, ალბათ გეშინოდა, სხვებსაც არ გაეგოთ შენი საუბარი. გაეგოთ, რა მოხდა მერე? ვიცი, რომ მოხდა. ნაწყვეტებად გავიგე შენი მონათხრობი და ჩემს ტვინში ისტორია ავაწყე. შემდეგ გაითიშა მობილური. კაფეში ყოფილხარ მის სანახავად (მოგვიანებით ფოტო ვნახე და შენ ბევრად ჯობიხარ, თუმცა ვინ დაგიმტკიცებს ამას), იქ მუშაობდა და შენს სანახავად გამოსვლა ვერ შეძლო. ჰო, გასაგებია, ხდება ხოლმე. შემდეგ რა თქვი, ჯანდაბა, რა სიტყვა თქვი. ჰო, დაბნეულობა. რასაკვირველია, შენც ვერ შეხვედი მის სანახავად. ციოდა იმ დღით? დიდხანს მოგიწევდა გარეთ დგომა. შესვენების დროს, როცა გამოვიდა, რა სურათი დახვდა? ჰო, მგონი, გავიგე ეგეც. ვიღაცებმა სიცილი დაგიწყეს იმიჯის გამო, გამოთაყვანებულმა კომიკურმა აჩრდილებმა. ზოგჯერ განვიცდი, რომ იუმორი და მისი სახეობები ოდესღაც გამოიგონა ვიღაცამ. რა ჯანდაბა უნდოდათ? არავინ იცის, არც თავად იციან. ის როცა გამოვიდა, რა თქვა? არ გაუღიმია? ანუ მანაც მტკივნეულად მიიღო. თუმცა არც დაუმშვიდებიხარ, თქვი გულგრილად გადამკოცნაო. და ნუთუ ხუთ წუთში მთავრდება შესვენებები? შემდეგ კაფეში სხვას გადაეხვიაო, მგონი ეგეც თქვი, იმედია მომესმა. საერთოდ არაფრად ღირდა ეგ დღე - თუ იმედგაცუებული ჭკუის დამრიგებლობით გეტყვი, ასეა, და ისე ვიცი, რომ შენთვის ყველაფერი იყო. იმ დღეს ხომ პირველად ნახე. გეგონა ყველაფერი იდეალური იქნებოდა? ვიცი, რომ არა. იქნებ სწორედ ასეთი განვითარების მოლოდინი გქონდა? მაგიტომაც მიხვედი ალბათ. წინა დღეებში დეპრესიის ნიშნებს გატყობდი, რამდენი რამ თქვი და როგორ გაამყარე ჩემი ვარაუდი, შემდეგ ესეც დაიმატე. იქნებ მიზანმიმართულად ეძებდი ბოლო წერტილს? რასაც მიყვებოდი სხვადასხვა დროს, მათი ერთგვარი სინთეზი ავაწყე ჩემი სუსტი მეხსიერების დახმარებით და ეს დავასკვენი.
მაგრამ მაშინ მესმოდა შენი? ან სხვა შეძლებდა გაგებას? ჩვენ გატაცებით ვსაუბრობთ საკუთარი ცხოვრების დეტალებზე და გვგონია, ეს ყველას აინტერესებს. ხშირად დამილაგებია უმნიშვნელო ცნობები ქრონოლოგიურად და ხმამაღლა მისაუბრია მათ შესახებ - ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავთან - და ზოგჯერ მგონებია, რომ ამ ყველაფრის მოსმენა უზადოდ საინტერესო იქნებოდა სხვებისთვისაც. საბედნიეროდ, უბრალოდ მგონებია. შენც იცი, რომ არავინ მოგისმენს, მაგრამ მაინც საუბრობ. ვერც კი ხვდები, ამ გულგრილობით განვითარების რაოდენ მაღალ საფეხურს მიაღწიე.
ასეა..
ჩვენ შეგვეძლო საუკეთესო მეგობრები გავხმდარიყავით, უბრალოდ ძალიან გვიან შევხვდით ერთმანეთს. ეს აუნაზღაურებელი ზარალი დიდ ტვირთად დაგვაწვა. თუმცა შენ ის უმთავრესი ტვირთი მოიშორე, რასაც სიცოცხლე ჰქვია. ძალიან იღბლიანი ხარ, მეგობარო. ძვირფასო პიერ..
ოპერის დედოფლის ჰანგები აყრუებს არემარეს, ყურსასმენებიდან ყოველთვის ასე აღიქმება სამყარო. მეც ვყოფილვარ გემოვნების პიკზე და შემდგომ დაცემული ანგელოზივით სინდისის კივილით მომისმენია ნებისმიერი ნაგავი მუსიკისთვის. და სიამოვნებაც მიმიღია. მარა, მთლიანობაში, გემოვნება ისევ კარგი მაქვს, ამაში მაინც ვიქნები თავდაჯერებული. თუმცა რა აზრი აქვს.. დედოფალი ისევ გაჰკივის ბოლო ხმაზე.
,,იმდენად უჟმური ვარ, ვინმე თუ დამელაპარაკება, ბედნიერება მგონია''. ვინმე ადამიანისებრთა ჯიშიდან. ნამდვილად ბედნიერებაა.
ჩვენ ერთმანეთს ვერასდროს დავეხმარებით..
იქნებ მთელი არსიც ამაშია? ვინ თქვა, რომ არასწორად მივდივართ? ეს ჩვენვე ჩავუნერგეთ საკუთარ თავებს, მხოლოდ ის გვერჩის და მხოლოდ მას ვაზიანებთ, უკეთესი ობიექტი არც არსებობს ფიზიკურად.
დარდობ, რომ სასიყვარულო ობიექტი არ გყავს, მეგობარო? ნუ იდარდებ, რადგან ნამდვილ ჯოჯოხეთს ხარ გადარჩენილი. სიყვარულზე უკეთესი თვითსაგვემი გამოხატულება არ შექმნილა სამყაროში და მაინც ყველას ეგ გვსურს.
ლამაზი თმა გაქვს..
მეტროს ხმა ისევ მაყრუებს, იმედია, ვაგონი როცა ჩამოივლის მაგ დროს არ დამირეკავს ვინმე. დალახვროს ნებისმიერმა, რამდენი ხალხია.. ნეტავ მაშინაც ასე ყოფილიყო. ეჰ.
-ჩავდივარ ახლა და შენ იცი, ჭკვიანად მოიქეცი.
-გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან და ნუ მაწუხებ.
-ყველაზე საყვარელი ხარ. ოდესმე ხელს გთხოვ.
-პრაქტიკამდე კიდე უნდა გნახო, ერთი კვირა დიდი შუალედია, არ გამოვა ამდენი ხანი უშენობა.
-ჯანდაბამდე გზა გქონია, ჩამეხუტე და დავიშალეთ.
-მგონი, არ მეზიზღები..
..და დღემდე უკიდურესად მშურს მათი, ვისაც მეტროთი მგზავრობა არასდროს სჭირდება.
No comments:
Post a Comment