Thursday, January 17, 2019

ნუ ,,გაუტარებთ'' თქვენს პარტნიორებს ,,გადაბლატავებებს''!



ეს სტატია ეხმიანება ,,ჩემი ცოლის დაქალების'' მე-14 სეზონის მე-40 სერიაში გაჟღერებულ დიალოგს, სადაც ჩიკას პერსონაჟი მეუღლე - შაგუსთან შერიგების პროცესში იყენებს ასეთ ფრაზას: ,,მე ხომ შენ ძაან ბევრ გადაბლატავებას გიტარებ. და რატომ გიტარებ, იცი? იმიტომ, რომ ძაან მებანალურება ეს სამყარო უშენოდ...'' საოცრად რომანტიკულია, დამეთანხმებით. მოიცა, მართლა მეთანხმებით? სამწუხაროა... კი, ერთი მოსმენით მართლაც ამაღელვებლად ჟღერს ეს კომიკურად შეფუთული წინადადება, მით უმეტეს, თუ შეყვარებულებიც ვართ, ყველა საკუთარ გამოცდილებას მოვარგებთ აღნიშნულ ფიქაფს და სულში უსაშველო სითბოს კორიანტელი ჩაგვეღვენთება. თავს ასეთი ფრაზების ავტორად წარმოვიდგენთ და კიდევ ერთხელ გადავიაზრებთ თუ როგორ გაგვიმართლა, რომ ვიღაც გვიყვარს. თავდაპირველად მეც ძალიან მომეწონა და მერელევანტურა ხსენებული ეპიზოდი, მოსმენისას თავი ქიმიურ ჯეკპოტდაცემულ ადამიანთა სიას მივაწერე და სეროტონინმოზღვავებულმა ფრაზა გონებაში რამდენჯერმე გადავიაზრე. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს თითქოს ლაკონური მომხიბლაობის რომანტიკული წარმონაქმნი სინამდვილეში საზარელი რამ არის. ისე გამოვიდა, რომ მისი აღქმა 180 გრადუსით შემოტრიალდა და მე ის დავინახე, როგორც საყვარელ ადამიანებთან, პარტნიორებთან და ცხოვრების თანამგზავრებთან ისტერიკულად ემოციური თუ სხვა სახის მიჯაჭვულობის წახალისება. სიყვარულის სახელით ხომ მართლაც უთვალავი გადაბლატავება ეპატიება ადამიანს, რასაც ის შემდეგ უსწრაფესად ეჩვევა და ამ გამოვლინებების რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. გამახსენდა პირადი გამოცდილებაც და დღის წესრიგში მდგარი უამრავი შემთხვევა, გადაბლატავებების ზრდით გამოწვეული არაერთი ფატალური ფინალი და ასეთი ტიპის ურთიერთობების განორმალიზება.


,,ჩცდ''-ს ამ სერიის შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ყველასგან ხოტბაშესხმული ,,ქაღალდის სახლი'' დავიწყე. იქ ერთ ეპიზოდში იყო დიალოგი, რომელიც ზემოხსენებული ფრაზის სიუჟეტურ განვითარებას ,,მოუხდებოდა''. ქალი ინსპექტორი, რაკელი, ოჯახში განცდილ ძალადობრივ გამოცდილებას უყვება მისთვის უცნობ ადამიანს: ,,სინამდვილეში ყველაფერი ერთი დარტყმით არ იწყება. ასე რომ იყოს, სასტიკი კაცის გვერდით არავის მოუწევდა ცხოვრება. პირიქით, შენ გიყვარდება მიმზიდველი, განათლებული ადამიანი, რომელიც თავს სამყაროს ცენტრად გაგრძნობინებს. და როდესაც ის გთხოვს პროფილის ფოტო შეცვალო და შვილის სურათი დააყენო, ეს საყვარლადაც გეჩვენება. ან როდესაც გეუბნება, რომ აჯობებს სამსახურში მოკლე კაბა არ ჩაიცვა, შენ ფიქრობ, ,,მე ქალი ვარ, რომელიც მამაკაცების გარემოცვაში მუშაობს, ბოლოსდაბოლოს მას ჩემი დაცვა უნდა''. შემდეგ კი ერთხელაც ის ხმას უწევს... იცით, ეს ისეა თითქოს კიბიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ეშვები, როგორც საშინელებათა ფილმებში. სარდაფისკენ მიიწევ და ყველა ფიქრობს, რომ იქ არ უნდა ჩახვიდე. შენ მაინც ჩადიხარ და პირველ დარტყმას იღებ, შემდეგ კი მეორეს და მესამეს...'' ცხადია, ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული სერიალის იმ ორი გმირის ისტორია, სულ სხვანაირი დინამიკით ვითარდება, ,,ჩცდ-ს'' მაყურებლებმა იციან, რომ ეს არ არის ტიპური მოძალადისა და მსხვერპლის როლმორგებული წყვილის ურთიერთობა. მაგრამ ეს ფრაზა აღმოჩნდა ერთგვარი ტრიგერი, რამაც გონებაში ასოციაციათა კორიანტელი დააყენა. ვეჭვობ, სცენარისტებს მიზნად არ ჰქონიათ ,,გადაბლატავების'' ეპიზოდი ასეთ ღრმა სიმბოლოდ დაეხატათ და ამდენი აბდაუბდა გამოეწვიათ თუნდაც ერთი ადამიანის თავში. საქმე იმაშია, რომ ეს უწყინარი და ღრმად რომანტიკული სცენა, ნაწილობრივ კომიკური სახით მოცემული, თავის თავში პატარა ტრაგიკულობას შეიცავს. ცხადია, რომ გადაბლატავების მომენტთა ხშირი მიტევება, იმ ადამიანის ტვინს, რომელშიც უკვე არსებობს ამის თუნდაც თეორიული დაშვება, აიძულებს ძალადობრივი მექანიზმებით ამუშავდეს. რომ არა პირადი გამოცდილება, ალბათ ეს ფრაზა შუა ღამით არ გამაღვიძებდა და არ დამაფიქრებდა ყოველივე იმაზე, რასაც აქ ვწერ. თავდაპირველად პატიება მარტივია, შერიგების მომენტიც საკმაოდ ამაღელვებელი, ჩნდება შეგრძნება, რომ არასოდეს, არანაირი მიზეზით თქვენ ორს შორის კონფლიქტი აღარ წარმოიშობა და ფაქტობრივად სამოთხისებურ ეიფორიაში ხართ მცირე ხნით. შემდეგ მორიგი გადაბლატავება, მორიგი ჩხუბი, შერიგება და კვლავ წყეული, მატყუარა, რიგ შემთხვევებში უადგილოდ გამომუშავებული დოპამინი. დროთა განმავლობაში ამას ეჩვევი, ან ბედნიერების მომენტებს ვერ თმობ, რის ხარჯზეც მზად ხარ ხანდახან საშინელებები აიტანო. იწყებ მოძალადის გამართლებას, შენი ქვესკნელში გადახვეწილი თვითშეფასება კი საშუალებას არ გაძლევს, მისი ქცევები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო - ,,ის უბრალოდ ასეთია და მორჩა, მე ჩემი ნებით ვემონები მას''. და, რაც მთავარია, ბოლო და ყველაზე რთული ეტაპი, ჯოჯოხეთი, რომელშიც მზად ხარ მარადიულად იფართხალო: შენთვის ეს ყველაფერი უკვე ნორმაა, გაოგნებს ყველა ურთიერთობა, სადაც მსგავსი ფაქტები არ ხდება. გეუბნებიან, რომ ყელამდე მძღნერში ცურავ, შენც იცი ეს, მაგრამ, ჯანდაბა, ვინ თქვა, რომ იქიდან ამოსვლა გინდა?! ასევე ბოლო ეტაპზე შეიძლება მოგინდეს თავის დაღწევა, მოგენატროს ძველი ,,მე'', თავისუფალი და ხელშეუხებელი. მაგრამ ამის ძალა აღარ გაქვს. როგორც იტყვიან, სანამ შეგიძლია არ გინდა, როცა გინდა - უკვე თავს ვეღარ იმორჩილებ, საბოლოოდ კი არც გინდა და არც უშვებ გონებაში, რომ რამის გაკეთება კიდევაა შესაძლებელი.


ხშირია ასეთ დროს მსხვერპლის დადანაშაულება, მათი ნამუსზე აგდება, კრიტიკა, არაფრისმომცემი გამამხნევებელი რჩევები, ,,ამას როგორ ითმენ'' და მსგავსი არაემპათიური შეძახილებით. ეს მეც მახასიათებდა, თეორიულად ყველაფერი მარტივი და ადვილად გადალახვადი ჩანს. ასეც არის, როცა საქმე მხოლოდ მოთმენაშია და არა უსაშველო, ავადმყოფურ მიჯაჭვულობაში. სულერთია, რა სახის ძალადობაზეა საუბარი, აუცილებელი არ არის ყოველდღე ჩალურჯებული თვალით დადიოდეს მსხვერპლი, სულ ნუ იქნება ფიზიკური დაპირისპირება სახეზე. ფსიქოლოგიური ტერორიც მიწასთან ასწორებს ჩვენს პიროვნებას, ეს არაა ის გამოცდილება, რომელიც გვზრდის ან იგივე ფაზაში გვტოვებს, ამ დროს განვითარების რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ, უკან ვიხევთ მთელი ჩვენი რესურსით და გარკვეული საკითხების გავლა და სწავლება თავიდან გვიწევს. ამიტომაც პირველივე გადაბლატავებაზე შესაბამისი რეაქციაა საჭირო, სანამ ვინმე ანალიზის უნარს დაგვაკარგინებს.


ფიქრებმა ჩვეულებრივი ფრაზა საგანგაშო სიგნალად აქცია. ჰო, ყველაფერი ეპიზოდური გადაბლატავებით შეიძლება დაიწყოს. ამაში კი დამნაშავე ყოველთვის ,,მობლატავე'' ადამიანია და არა ის, ვინც ამას თუნდაც მილიონჯერ პატიობს.

Friday, August 17, 2018

სტივენი.



გასულ ღამეს, პირველად ამ ზაფხულის განმავლობაში, მეძინა გადაბმულად რვა საათი. ვნახე ზედიზედ სამი საყვარელად იდიოტური სიზმარი და წარმოუდგენლად დაღლილმა გავიღვიძე, ისე, რომ არსებობა აღარ მინდა. არსებობის აბსურდულობაზე გამახსენდა მუსიკა, მუსიკაზე - სევდიანი მუსიკა, სევდაზე კი ჩემი ყველაზე მყარი სიყვარული მუსიკალურ კონტენტში - სტივენ ვილსონი. ადამიანი, რომელმაც ინტელექტუალურ მსმენელად მაქცია, თავისი შემოქმედებით ბოლომდე დამარწმუნა, რომ მუსიკალური გემოვნების პიკზე ვიმყოფები! ჰოდა ეს ჩემი საყვარელი იმპროვიზატორი დღესდღეობით ახალ ალბომზე მუშაობს, თანაც იმ ჟანრში, რომელსაც მეგონა არასდროს გაეკარებოდა - ის პოპის მწვერვალებს იპყრობს. გასაგებიც არის ეს, ყველა გენიოსს უყვარს ექსპერიმენტები, მისი მელანქოლიური კარიერა კი, ვფიქრობ, მხოლოდ დროებით გადაფასდა. ადამიანი, რომელიც 10 წლიდან მუსიკას წერს, რთულია ერთ ან თუნდაც რამდენიმე ერთეულ მიმდინარეობას მიეჯაჭვოს. მით უმეტეს, როცა უკვე იმდენი პროექტის ავტორია, თავადვე ერევა სათვალავი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი შეგრძნებით ,,ყველაზე მეტად სევდიანი მუსიკა ამაღლებს ადამიანს'', დროებით შეიძლება სევდაც გადავდოთ გვერდზე, ვინ იცის, იქნებ ოდნავ მხიარული ჟანრებიც ასწორებს, ან იქნებ ხანდახან ღიმილიც კარგია, რაც სტივენს საოცრად მოუხდა, ღმერთმანი.

 მუსიკაზე საუბარი უტაქტობაა. ეს ალბათ იგივეა, საჭმელს რომ შორიდან უყურო და ამით დამაყოფილდე. ან არ ვიცი რა შედარება მოვიყვანო, ზედმეტი მეძინა და ფანტაზია არ მყოფნის. ამას წინათ მითხრა ჩემმა ერთმა მეგობარმა, ანათემა როცა იყო თბილისში ჩამოსული, აუცილებლად მომიყევი როგორი ლაივი იქნებაო. მე დასტური მივეცი ისე, რომ არც დავფიქრებულვარ რას მთხოვდა. ლაივის შემდეგ გადმოცემის უნარი კი არა ხელ-ფეხი მქონდა წართმეული. რანაირად უნდა მოყვე რა განიცადე, როგორ უნდა აუხსნა სხვას. რა მარაგი უნდა მეყოს იმის სათქმელად, რომ, მაგალითად, ეს ლაივი როგორ მოქმედებს ჩემზე:

ან ეს შედევრი რამდენს ნიშნავს ჩემთვის და, ზოგადად, მუსიკის სამყაროსთვის.

ინტერვალებიც ისე აქვს შერჩეული, თითქოს საშუალებას გაძლევს ლაივზე მდგომმა, შუალედებში, ჩუმად იქვითინო. ვისაც ბედი ნაკლებად გვიღიმის, ისინი მონიტორთან ვქვითინებთ. ზედმეტი საბაბი არ გვჭირდება.

 სტივენს ვერ ახსნი, როგორც იმ მუსიკას, რომელსაც მთლიანად გრძნობ. არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრს უსმენ, წეღან ვთქვი - გემოვნების პიკზე ვარ-მეთქი, მაგრამ, ცხადია, ვიხუმრე, მუსიკა შეგრძნებების სტიმულატორია. იმდენად ინტიმური საკითხია, არც უნდა გაამჟღავნო დეტალები. მაგალითად, ხშირად მოგვისმენია ყველას, რიგითი მელოდიის მსვლელობისას, მავან მსმენელს ხმამაღლა რომ უთქვამს, თუ რა მოსწონს ამ მუსიკაში, რომელი ტაქტი, მონაკვეთი, მისამღერის რომელი ნაწილი. ეს წარმოუდგენლად მაღიზიანებს, არ შეიძლება ასე მარტივად გაამხილო ის, რაც მხოლოდ შენი უნდა გეგონოს, რასაც მხოლოდ შენს გულ-გონებაში უნდა აცოცხლებდე. ჰო, ამ საკითხში ერთობ განსჯითი ვარ და სუბიექტურიც. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, ყველამ იგრძნოს მუსიკა. საერთოდაც რა არის მუსიკა. რომ არ შექმნილიყო, ვერ ვიტყვი, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით თუ უფრო სულელური იქნებოდა ჩვენი არსებობა. შეიძლება ორივე ერთადაც.


ვილსონისნაირ გიგანტებს უდიდესი რესურსი აქვთ ბოლომდე გამოავლინონ თავი. ასეთი დონის ხელოვანებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას გრძნობების გამოხატვა, რაც ჩვენთვის, ჩვეული მოკვდავებისთვის, საკმაოდ მტკივნეული ტვირთია. ამაში შემოქმედება ეხმარებათ. თუმცა აქაც არ ყოფილა ბედნიერებისა და სიმსუბუქის საიდუმლო. ისინი მაინც მუდმივად სევდიანები არიან და ყოველი ახალი ინსპირაციული გასროლა ინოვაციური დარტყმაა მათი სულისთვის. იტანჯებიან და ჩვენც გვტანჯავენ, ჩვენ ვისაც, მხოლოდ შეგრძნებები გვაქვს და არა მათნაირი თვითგამოვლენის იარაღი.

სტივენი ემოციურია, ის არ არის სენტიმენტალური. თუმცა სენტიმენტებზეც მღერის. ყოველი ჩვენგანივით მასაც ეშინია გაზრდისა და დაბერების, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმის შეგრძნებაც აქვს, თითქოს ცხოვრებას უაზროდ ფლანგავს და ეს შინაგანად ანადგურებს. მასაც აწუხებს სადღეღამისო კითხვა - ახალი ამბები შეამოწმოს თუ უბრალოდ ყულფი შემოიხვიოს?! ან ვის მიმართავს სიმღერით ,,don't hate me''? ვის ევედრება ამ სიტყვებით - ,,ნუ გძულვარ, მე არ ვარ შენსავით განსაკუთრებული..''? რატომ ამბობს ამას, ღმერთო, რა უფლებით? ვინ არის მასზე განსაკუთრებული?!

მე რაღა ვთქვა ამის შემდეგ - ადამიანმა, რომელიც სასვენი ნიშანი რომ იყოს, უადგილოდ დასმული მძიმე იქნებოდა. ან ახლა მე რა შუაში ვარ საერთოდ?! შეიძლება თვითგვემა ყველას გვიყვარს - უმიზნო ტიპებსაც და სტივენისნაირ გენიოსებსაც. ის კი მაინც მოგვიწოდებს: ,,დრო მიფრინავს, საუკეთესო რამ კი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შანსების გამოყენება, იმ შანსების, რასაც ცხოვრება გვთავაზობს.'' ან ალბათ ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოგვთავაზოს. ალბათ მაგიტომაც აირჩია ახალი გზა, რასაც გარემოება ნაკლებად სთავაზობდა.

 ცხოვრებისეული ბრძოლები ჩემთვის მხოლოდ თეორიაა. რეალობა კი არის სხვების შემოქმედებით ვნება, რაც ყოველ წამს მატყდება თავს. შემოდგომამდე შეიძლება ისევ დავიძინო გადაბმულად 7-8 საათი. მერე ისევ დაღლილმა გავიღვიძო და სტივენიც კვლავ გამახსენდეს. ალბათ შემდეგ ზამთარს და სიცივეს ვინატრებ, რადგან მის მუსიკას ზამთრისეული სევდა უხდება. ზამთარი როცა მოვა, კიდევ სხვა რაღაც დამაკლდება მელანქოლიური სრულყოფისთვის. ალბათ სადღაც, არაცნობიერში, იმის იმედიც მექნება, რომ ერთ ზღაპრულ დღეს მონიტორის ნაცვლად სცენის წინ დავიღვრები ცრემლებად. ჩემს წინ კი ცხადია ის იდგება და არ აქვს მნიშვნელობა რას შეასრულებს. ეს იქნება ზღაპარი. ის კი, უკვე ჩემ წინ, კვლავ თავის თვითდესტრუქციულ აზრებში იცურებს, კვლავ იგრძნობს, რომ ეცემა და ისევ ვერ იპოვის ვერავის, ვინც ხელს შეაშველებს.. და შემდეგ სულერთი იქნება ძილის ხანგრძლივობა, სტივენის დიდებული პროექტის - Porcupine Tree-ს დაბრუნებაზე ფიქრებიც ცოტა ხნით უკანა პლანზე გადაიწევს, ჩემს დაღლილობასა თუ ემოციური დეგრადაციის დონესაც ფეხებზე დავიკიდებ და დროებით ამქვეყნიურ ცხოვრებას დავტოვებ.


შემდეგ კი..


,,let's sleep forever''



Sunday, December 24, 2017

კბილი კბილის წილ - ლანთიმოსის ჯოჯოხეთური ჰიპნოზი



  ვზივარ მონიტორის წინ გამოშტერებული სახით და მარცხენა ხელით ვიწყებ ბგერათა კომბინაციის კრეფას, ვინაიდან ვერაფრით მივეჩვიე ორივე ხელის გამოყენებას. ცრურწმენებისგან შორს ვარ, მაგრამ მგონია, სანამ მარჯვენა ხელსაც აქტიურად არ ჩავრთავ კლავიატურასთან თანამშრომლობაში, ღირებულს ვერაფერს დავწერ. ამ წვრილმან საკითხზე უნდა დამეწყო საუბარი, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვუყრი სიტყვებს თავს, ვერ გამოვდივარ შოკური ფაზიდან, ვეღარ ვითვლი ეს მერამდენე დარტყმაა, მერამდენედ მოვიწამლე ორფეხა ადამიანის რიგითი ნამოქმედარით, რასაც კინონამუშევარი ეწოდება. ჩემი ტკივილის მიზეზი წლევანდელი ფილმია სახელად ,,წმინდა ირმის მკვლელობა''. რას წარმოვიდგენდი თუ ,,ეშვისა'' და ,,ლობსტერის'' შემდეგ ლანთიმოსი ამას იკადრებდა. კი, ველოდი რაღაც გრანდიოზულს, შედევრალურს, მეტყველების წამრთმევს, საცრემლე ჯირკვლების ამამუშავებელს, თუმცა.. წყეულიმც იყავ, ბერძენო მწვალებელო, ეს მეტისმეტია. თან საკუთარი ძალების გამოყენება საკმარისად არ ჩათვალა და ბახი და შუბერტი დაიხმარა. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა თანამედროვე გამანადგურებელი ანგელოზი იორგოს ლანთიმოსი, რომელსაც ეყო სითავხედე და გენიალური თეოდოროს ანგელოპულოსის შემდეგ ბერძნული კინემატოგრაფია ახალ მწვერვალებზე ათამაშა, მთლიანად გამიჯნა ზოგადი კანონზომიერებისგან, უარყო ჩვეულ მოკვთავთა მიერ აღქმადი წესრიგი და ახლა ადამიანთა ფსიქიკის მიზანმიმართულ დამახინჯებას ეწირება მსხვერპლად.

  გადავიდეთ ფილმზე, რომლის სათაურსაც, რა გასაკვირია და, წინაპირობად ბერძნული მითოლოგია უდევს. ევრიპიდემ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გვისახსოვრა პიესა სახელწოდებით ,,იფიგენია აულისში'', სადაც აგამემნონის ქალწულ - იფიგენიას მსხვერპლშეწირვაა ასახული. მიკენის მეფეს შემთხვევით წმინდა ირემი მოუკლავს, რომელიც ნადირობის ქალღმერთის - არტემისის - საკუთრება იყო. არტემისმა საზღაურად სისხლი მოითხოვა. აგამემნონმა კი საკუთარი ქალიშვილი - იფიგენია - უძღვნა, რომელიც სამ ქალიშვილსა და ერთ ვაჟს შორის გამოარჩია სამსხვერპლოდ. ფილმში აგამემნონის სიმბოლოა კოლინ ფარელის პერსონაჟი, გულის ქირურგი, სტივენ მერფი. ფილმი გულის ოპერაციის მიმზიდველი კადრებით იწყება, ეს კი მთელი სიუჟეტის წანამძღვარია. ოპერაციის ავტორსა და განთქმულ ქირურგს, სტივენს, ერთი შეხედვით შესაშურად იდეალური ცხოვრება აქვს, არაფერს უჩივის. ჰყავს ერთი ახალგაზრდა მეგობარი მარტინი, რომელიც საკმაოდ უწყინარი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ტოვებს ფილმის დასაწყისში. და მალე იწყება სრული ჯოჯოხეთი, მისტიკური ქაოსი და გაურკვევლობა, დაუსრულებელი შფოთვა ფილმის პერსონაჟების ცხოვრებასა თუ მაყურებლის გონებაში. მთელი ფილმის განმავლობაში არ ჩნდება დანაშაულის მკაფიო ვერსია, მაგრამ ჩანს სასჯელი, დაუნდობელი პასუხისგება და გამოუთქმელად მძიმე საზღაური, რომელიც პროგრესირებას არ წყვეტს. არ ისჯება მთავარი დამნაშავე - სტივენი, სამაგიეროდ იტანჯებიან მისი შვილები და მეუღლე. მათ შორის კი რომელიმე უნდა გაწიროს თავად დანაშაულისა და სასჯელის მთავარმა შემოქმედმა, ბატონმა ქირურგმა, რომელიც არამც და არამც არ იზიარებს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, არ აღიარებს, რომ საკუთარი შეცდომის გამო მოკვდა მარტინის მამა, წარუმატებელი ოპერაცია მას რიგით უიღბლობად მიაჩნია. არაცნობიერში ის მაინც იაზრებდა მომხდარს და სინდისის დასამშვიდებლად ცდილობდა მარტინზე ეზრუნა, მაგრამ სასჯელისთვის მზად არ იყო, მსხვერპლის გაღება აზრადაც არ მოსვლია - არც დანაშაულის აღიარების გზით, მას არასდროს არავისთვის გაუმხელია თავისი შეცდომა. ამის გამო კი მარტინმა მისტიკური ძალებით თავად გადაწყვიტა მეგობარზე შურისძიება. 



 ერთადერთი ეპიზოდი, რომელზეც მაყურებელმა შეიძლება გაიღიმოს არის სტივენისა და მარტინის დედის დიალოგი. მოფლირტავე ქვრივი დედა აღფრთოვანებას ვერ მალავს სტივენის ხელების სილამაზით და დაუფარავად ცდილობს მთავარი პერსონაჟის ცდუნებას. ხელებზე ყურადღების გამახვილებაც რეჟისორის მცირე მინიშნებაა, სწორედ ამ ხელებშია მთელი ბრალეულობა.
,,შეუძლებელია ქირურგმა მოკლას პაციენტი, შესაძლოა ანესთეზიოლოგის შეცდომამ გაწიროს ის, თუმცა ქირურგი ამას ვერ გააკეთებს''. ასე იმშვიდებდა თავს მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალისტი. შესაძლოა არაკომპეტენტური მაყურებელი დააჯეროს კიდეც წამიერად ამ სიტყვებმა, სანამ ხელმეორედ მოისმენს მსგავს ციტატას, ამჯერად უკვე სტივენის ნაცნობი ანესთეზიოლოგისგან (რომელიც ასევე მონაწილეობდა საბედისწერო ოპერაციაში) თქმულს:,,ანესთეზიოლოგი ვერ მოკლავს პაციენტს, მხოლოდ ქირურგს შეუძლია ეს''. უწყინრად ამბობდა ეპიზოდურ როლში მყოფი პერსონაჟი და სტივენის მეუღლის - ანას (ნიკოლ კიდმანი) - მიერ გაკეთებული ,,ჰენდჯობით'' ტკბებოდა. შემდგომ ამ კეთილშობილი ანესთეზიოლოგის წყალობით სიმართლეს ანაც შეიტყობს.




 არავის სურს დანაშაულის საკუთარ თავზე აღება, რადგანაც გრძნობენ მსხვერპლის გარდაუვალობას. განაჩენი კი ლანთიმოსის გადაწყვეტილებით, ვისაც არ სჩვევია არავითარი ფაქტობრივი შელამაზება სიუჟეტის, მეტისმეტად მწარეა. ადამიანი, რომელმაც მამა დაკარგა, ფაქტობრივად, წყევლის მკვლელის ოჯახს და ულტიმატუმის სახით აიძულებს არჩევანი გააკეთოს - სასიკვდილოდ გაიმეტოს საყვარელ ადამიანთაგან რომელიმე, დანარჩენები კი, სისხლიანი სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი არ დასრულდება და სტივენს მთელი ოჯახის დათმობა მოუწევს. ჰო, სრულად გასაგებია, რატომაც აიკიდა საშინელი დეპრესია კოლინ ფარელმა ამ ფილმის გამოისობით. 



 დასასრული ნაწილობრივ პროგნოზირებადია, მაყურებელი თითქოს ალაგებს თავში ვარიანტებს, თითქოს ვეღარაფერი გაგვაკვირვებს და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საჭიროა. თითქოს ლანთიმოსი კრეატიულობაში მოიკოჭლებს.. პირველ ნაწილს სწორად ხვდება მაყურებელი, ფინალი აბსოლუტურად კანონზომიერია, მაგრამ სწორედ ამაშია რეჟისორის გენიალურობა - ის ერთი შეხედვით არაექსცენტრიულ ფინალს ისე ფუთავს, თითქოს მაყურებლისთვისაც სადამსჯელო ზომებს იღებს, თითქოს ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა და ჩვენც უნებლიე დამნაშავეები გამოვდივართ. იქნებ ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ,,კბილი კბილის წილ'' ბევრისთვის ალბათ მიუღებელი სტრატეგიაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ,,ძალადობა შობს ძალადობას'', ისიც ფაქტია, რომ ,,სისხლით სისხლი არ მოიბანება'' და სწორედ ესაა კაცობრიობის მარადიული ტანჯვის მიზეზი. უკვე ირევა სათვალავი, თუ ვინ არის პირველადი დამნაშავე, სულერთიც არის ამის გამორკვევა, რადგან ლანთიმოსმა ეს უხილავი სტიგმა ყველას მოგვანიჭა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის დამანგრეველ ფინალში, სწორედ გადამწყვეტ დროს, მიმართავს დასახმარებლად თავის ღვთაებრივ სივრცეში მცხოვრებ მეგობარს - იოჰან სებასტიან ბახს. და ჯოჯოხეთი კიდევ დიდხანს გრძელდება.




  ფილმი დასრულდა, ოდესმე შთაბეჭდილებებიც გაიფანტება, კოლინ ფარელი დეპრესიიდან გამოვა და სამყაროში არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მიუხედავად ამისა, მაყურებლები მაინც ვემიჯნებით შურისძიებას, ალბათ გვგონია, რომ შურისმაძიებელთა ადგილზე ყოფნისასაც არ გაგვიჭირდებოდა ბალანსის დაცვა. ფილმით ლანთიმოსი ამბობს, რომ წმინდა ირმის მოკვლა მარტივია, ამ შემთხვევაში უხილავი ძალა კინემატოგრაფის სახით განსხეულდა, ის ჩვენს ქვეცნობიერს მალულად ეპარება, როგორც მშიერი პანტერა და აკურატულად ანაწევრებს ჩვენს სულსა და სხეულს. 
ჩახშობილი სინდისი კი ქირურგს კვლავ გამამხნევებელი შეძახილებით ამხნევებს: ,,შენ ლამაზი ხელები გაქვს, სტივენ!''







Thursday, November 30, 2017

ნატვრის ხე: ფუფალასა და მარიტას თანაკვეთა


  თენგიზ აბულაძის ეს უძვირფასესი ეკრანიზაცია ბევრისთვის ნაცნობია, წიგნი ალბათ კიდევ უფრო ნაცნობი. ამ შემთხვევაში ფილმიდან გამომდინარე ვისაუბრებ ერთ დეტალზე, რომელიც ბევრს ექნება შემჩნეული. მაგრამ შესაძლოა ნაკლებად გაამახვილოს რიგითმა მაყურებელმა ყურადღება, ფილმში გადმოცემული პრიორიტეტული პრობლემატიკისდა გამო. მეც შედარებით გვიან აღვიქვი, გვიან მიიქცია ჩემი ყურადღება განსხვავებული რაკურსით ორი პერსონაჟის სახემ. საუბარი მაქვს ფუფალასა და მარიტას იდუმალ კავშირზე.

 ალბათ გახსოვთ ფუფალას ერთ-ერთი პირველი დაფიქსირება ფილმის იმ ეპიზოდში, როცა ის ,,მობირჟავე ქალებს’’ თავის წარსულზე ეტრაბახება, იმ დროზე, როცა გაფურჩქნული ვარდი იყო და მისი სიყვარულის გამო თავს იკლავდნენ ყმაწვილკაცები. ყველა ვხვდებით, რომ პერსონაჟი უტრირებს და უბრალოდ თვითშეფასების ამაღლება სურს სხვა ქალების თვალში, წარსულს აფეტიშებს და ახლა ,,დამჭკნარი ვარდობაც’’ აკმაყოფილებს. თუმცა მას ჰყავს ის იდეალი, როგორადაც წარმოედგინა საკუთარი თავი. და მარიტას გამოჩენის შემდეგ უკვე ზუსტად ხვდება, როგორი სურდა ყოფილიყო, სრული სიცხადით ხედავს იმას, რაც თავადვე ფანტაზიური წარსულის ნაყოფი ეგონა. მარიტას სახის დანახვის შემდეგ მას ცრემლები მოსდის, რადგან იაზრებს, რომ მისი წარმოსახვითი სილამაზე რეალურად არსებობს, ოღონდ მას არ ეკუთვნის და არც არასდროს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ ფუფალას მიჯაჭვულობა კიდევ ორ მონაკვეთში ვლინდება.




  კავშირის მეორე ეპიზოდია მარიტას ჯვრისწერის საზეიმო ცერემონიალი. სცენის ბოლოს ფუფალაც საკუთარი ჯვრისწერის იმიტაციას აკეთებს, იმ განსხვავებით, რომ ის სრულიად მარტოა და ისევ წარმოდგენებს იშველიებს თუ როგორ ქოწინდება საყვარელ ადამიანზე. ესეც გაუცნობიერებელი ემპათიური გამოხატულებაა, აქ უფრო მეტად ემსგავსება ის თავის იდეალს, რადგანაც მარიტა მისგან განსხვავებით ფიზიკურად მარტო არ იმყოფებოდა ჯვრისწერაზე, მაგრამ მის სულში ისეთივე სიცარიელე იყო, როგორც ფუფალას პირად სივრცეში. ისიც ფუფალასავით წარმოსახვებით უძლებდა კუთვნილ ბედისწერას და ოცნებობდა, რომ შეთეს მაგივრად გედია მდგარიყო მის გვერდით. 

  მესამე და საბოლოო კავშირი ვლინდება მარიტასთან დაკავშირებულ მორიგ ცერემონიაში, რომელიც ამჯერად სადამსჯელო ხასიათისაა. ეპიზოდი, სადაც მას თითო-ოროლა ადამიანის გარდა ყველა ერთსულოვნად მიაცილებს სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე. ამ დროს ფუფალაც მოწმეა ამ ყველაფრის და ისიც დაუყოვნებლივ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. მისი ფანტაზიების მუზა,  ის ვისი საშუალებითაც თავის ოცნებებს ასულდგმულებდა, სასიკვდილოდ გასწირეს. ამ ფონზე მან იგრძნო სრული მარტოობა, იგრძნო, რომ თუკი ეს სათაყვანებელი სრულყოფილება ასე ადვილად გაიმეტეს, თავადაც აღარ ეყოლებოდა სიკვდილის შემდეგ განმკითხველი. ამ სცენაშივე ის იაზრებს ყოველი მისი ოცნების აბსურდულობას, მისთვის ყოველივე მტვრად იქცა და, პირველად ფილმის განმავლობაში, ხმამაღლა აღიარებს, რომ ყველაფერი, რითიც აქამდე თავს იწონებდა, მთლიანად გამოგონილი იყო. თუმცა ეს აღარავის გაუგია, რადგან ყველანი მნიშვნელოვანი ცერემონიით იყვნენ დაკავებულნი.